თეგებით ძიება

მეტროს 12 სადგურის პროექტირებაში მერია €4 მლნ-ს ხარჯავს - რეაბილიტაციის ჯამური თანხა €55 მილიონი იქნება

თბილისის მეტროს 12 სადგურის რეაბილიტაციის კონცეპტუალური პროექტის მოსამზადებლად თბილისის მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულება ესპანურ-იტალიურ კონსორციუმთან გააფორმა. ხელშეკრულების ღირებულება დღგ-ს გარეშე 4 მილიონ ევროს შეადგენს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„მეტროსადგურების რეაბილიტაცია-განახლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია ჩვენთვის. მეტრო არის ის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელსაც დღის განმავლობაში ყველაზე მეტი მგზავრი გადაჰყავს“, - განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, სადგურების განახლებასთან დაკავშირებული ძირითადი გამოწვევა შესაბამისი კვალიფიციური კომპანიების არარსებობაა საქართველოში. სწორედ ამიტომ, პროექტი ხორციელდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით.

მერის განმარტებით, კონსორციუმმა თბილისის მეტროს 12 სადგურის კონცეპტუალურ პროექტი 12 თვის ვადაში უნდა წარადგინოს, რაც დეტალური პროექტირებისა და შემდგომ სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის ტენდერს დაუდებს საფუძველს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მომდევნო 5 წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს და პროექტის სრული ბიუჯეტი, რომელიც EBRD-ის მიერ გამოიყოფა, 55 მილიონ ევროს შეადგენს.

„ეს არის სესხი და ჩვენ, უცხოური კომპანიების ჩართულობით, რომლებსაც ამ მიმართულებით აქვთ დიდი გამოცდილება, შევძლებთ ამ ტიპის პროექტების განხორციელებას“, — აღნიშნა კალაძემ.

მისი თქმით, რეაბილიტაციის პრიორიტეტები განისაზღვრა სადგურების არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით. სიაში შედის ისეთი სადგურები, როგორიცაა „გურამიშვილი“, „სადგურის მოედანი“, „სარაჯიშვილი“ და სხვები.

საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის აღნიშნულ შეთანხმებას 2023 წლის იანვარში მოეწერა.

სასესხო და საგრანტო შეთანხმებებს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ვიცე-პრეზიდენტმა პოლიტიკისა და პარტნიორობის საკითხებში, მარკ ბოუმენმა.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა