თეგებით ძიება

განმუხურში სანაპირო ზოლმა 10 მეტრით დაიხია - ნაპირის გამაგრების 5.5-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა 5.5 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი, რომლითაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის სანაპირო ზოლის აღდგენა-რეაბილიტაცია უნდა მოხდეს.

უწყების თანახმად, ადგილზე ნაპირდამცავი ობიექტების არარსებობის გამო, ზღვის ტალღოვანმა ეროზიამ სანაპირო ზოლი 10-12 მეტრით გადაწია, ხოლო შესართავთან ნაპირმა 50-60 მეტრით წაიწია.

"არსებული მდგომარეობა საფრთხეს უქმნის სანაპირო ინფრასტრუქტურას და ადგილობრივი ტურისტული პოტენციალის განვითარებას.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სანაპირო ზოლის შევსებისა და დაცვის სპეციალური სამუშაოების შესრულება, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ეროზირებული პროცესების ინტენსივობას და უზრუნველყოფს სანაპიროს მდგრადობას.

სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 5.5 მილიონ ლარამდეა და სრულად დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან,"- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამუშაოთა შესრულება კონტრაქტის გაფორმებიდან 4 თვეში უნდა მოხდეს, შესაბამისად, მისი დასრულება მიმდინარე საზღვაო სეზონის ბოლომდე ვერ მოესწრება.

განმუხური-ანაკლიის სანაპირო ზოლის აღდგენასთან დაკავშირებით მთავრობამ ინფორმაცია მიმდინარე წლის მაისშიც გაავრცელა, როდესაც ეროზირებული სანაპირო ზოლი ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ და მომდევნო ეკონომიკის მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა დაათვალიერეს. მათი განცხადებით მხარის ტურისტული პოტენციალის გაუმჯობესებისთვის მთავრობა ადგილზე ინვესტიციების განხორციელებას გააქტიურებდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა