ორთაჭალჰესის ხიდის რეაბილიტაცია დაიწყო - პროექტი თბილისის ბიუჯეტს 1.8 მილიონი ლარი უჯდება
მდინარე მტკვარზე მდებარე ორთაჭალჰესის ხიდის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. ამჟამად, მიმდინარეობს პროექტის მოსამზადებელი კვლევები, რომლებიც სხვადასხვა ტექნიკურ და საინჟინრო სამუშაოს მოიცავს. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით ხიდი ავარიულ მდგომარეობაშია. ხიდის ერთ მხარეს სავალი ნაწილის დემონტაჟი უკვე განხორციელდა. პარალელურად მიმდინარეობს ხიდზე დატვირთვის პროგრამული გაანგარიშება. მიმდინარე სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია ხიდის მხოლოდ ერთ სამოძრაო ზოლში.
„ორთაჭალჰესის ხიდი ავარიულ მდგომარეობაში იყო და მიმდინარეობს მისი რეაბილიტაცია. ბოლო წლებში ბევრი ხიდი განვაახლეთ, რაც შეეხება სამუშაოებს, მოხდება ხიდის გამაგრება, სადაც იყო პრობლემური ადგილები, დამუშავდება. ნოემბრისთვის სამუშაოები მთლიანად დასრულდება. მოეწყობა ტროტუარo, განათების ბოძები დამონტაჟდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პირველ ეტაპზე, შესწავლილ იქნა ხიდისა და ჰესის პირველადი საარქივო მასალა, რაც საჭიროა კონსტრუქციული დეტალების ანალიზისთვის.
პროექტის ღირებულება 1.8 მილიონი ლარია.
კვლევების დასრულების შემდეგ, დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც, მოეწყობა ხიდის ახალი კონსტრუქციული ელემენტები, აღდგება და გამაგრდება დაზიანებული ნაწილები, მოეწყობა წყალარინების თანამედროვე სისტემა, ჩატარდება ჰიდროიზოლაციის სამუშაოები. ასევე, განახლდება და გამაგრდება მოაჯირები.
ორთაჭალჰესი "ენერგო პრო ჯორჯიას" საკუთრებაშია.