ხაშურში "გომი ჰესების“ მშენებლობა იგეგმება - ვინ განახორციელებს პროექტს
ხაშურის მუნიციპალიტეტში მდ. მტკვარზე „გომი ჰესების“ კასკადის მშენებლობა იგეგმება. „გომი 1“ და „გომი 2“ ჰესების მშენებლობას შპს „ენ-სი ჯგუფი 2022“ გეგმავს.
კომპანიამ გარემოს ეროვნულ სააგენტოს პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) წარუდგინა. პროექტის მიხედვით, კალაპოტური ტიპის ორსაფეხურიანი „გომი ჰესების“ ჯამური დადგმული სიმძლავრე 30 მგვტ. იქნება. გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს 110 კვ ძაბვის ქვესადგურების მოწყობასაც.
„საქართველოს მთავრობას და „ენ-სი ჯგუფი 2022“-ს შორის 2023 წელს გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, გომი ჰესის მოსაწყობად გათვალისწინებული იყო მდინარე მტკვრის მონაკვეთი 668-654 მ ნიშნულებს შორის. გარკვეული გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების გათვალისწინებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გომის ორ საფეხურად მოწყობის შესახებ“, - აღნიშნულია დოკუმენტებში.
ინფორმაციისთვის, საპროექტო „გომი 1“ და „გომი 2“ ჰესები წარმოადგენს შპს „ენ-სი ჯგუფი 2022“-ის მიერ დაგეგმილი 208 მგვტ დადგმული სიმძლავრის „მტკვარი ჰესების“ კასკადის მეოთხე და მეხუთე საფეხურს.
„მტკვარი ჰესების“ კასკადის შემადგენლობაში გათვალისწინებულია 13 კალაპოტური ტიპის ჰესის მოწყობა, რომლებიც განთავსებული იქნება ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვიშხეთის და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ქსანს შორის მოქცეულ არეალში.
ვის ეკუთვნის კომპანია, რომელიც „გომი ჰესებს“ ააშენებს
შპს „ენ-სი ჯგუფი 2022“ სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირებულია 2022 წელს. კომპანიის დირექტორი გოჩა მუსელიანია, წილები კი სრულად კოკა კოკოლაშვილს ეკუთვნის.