თეგებით ძიება

6 თვეში საქართველოში გაცემული იპოთეკური სესხების რაოდენობა შემცირდა

ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის იანვარ-ივნისში ქართულმა ბანკებმა 24 ათასი იპოთეკური სესხი გასცეს, რომელთა მთლიანი ღირებულებაც 2.05 მილიარდ ლარს შეადგენდა.

ახალი იპოთეკური სესხების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.5 ათასი იპოთეკური სესხით, ანუ 13%-ით შემცირდა. თუმცა ჯამურად გაცემული იპოთეკური კრედიტების მოცულობა წინა წელთან შედარებით 40 მილიონი ლარით არის გაზრდილი.

სტატისტიკის მიხედვით, 2025 წელს დამტკიცებული ახალი იპოთეკური კრედიტის საშუალო ღირებულება 85 ათას ლარს შეადგენდა. შედარებისთვის, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში საშუალო იპოთეკური კრედიტის მოცულობა 73 ათასი ლარი იყო. შესაბამისად, წელს საშუალო იპოთეკური კრედიტის ჯამური ღირებულება 17%-ით არის გაზრდილი, რაც სავარაუდოდ ქვეყანაში უძრავი ქონების გაძვირებასთან არის დაკავშირებული.

იპოთეკური კრედიტების რაოდენობის კლების გამო, 2025 წლის თებერვალში ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა რეგულაციების გამარტივების გადაწყვეტილება მიიღო. მის შედეგად სესხში შესაძლებელი გახდა პირველადი შენატანი იყოს ბინის ღირებულების 10%, ხოლო 90% კი კრედიტი, ნაცვლად აქამდე მოქმედი წესისა, რომელიც განსაზღვრავდა რომ მომხმარებელი ბინის შესაძენად დებდა 15%-ს, ხოლო ბინის ღირებულების 85%-ს ბანკისგან იღებდა.

2025 წლის ივნისის მდგომარეობით, ლარის იპოთეკური სესხების საშუალო განაკვეთი არის 13.09%, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.43 პროცენტული პუნქტით მეტია, შესაბამისად ქვეყანაში იპოთეკური კრედიტები გაძვირებულია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა