დასავლეთის შესაძლო სანქციები საქართველოს წინააღმდეგ - რა გავლენა ექნება ამას ეკონომიკაზე და მოსახლეობის კეთილდღეობაზე?
საქართველო უკვე მრავალი წელია ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას ადგას, თუმცა ბოლო პერიოდში დასავლეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები დაიძაბა. ხშირად შევხვდებით საუბარს ქვეყნის წინააღმდეგ სანქციებზე. ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს შეუძლიათ შეწყვიტონ/შეამცირონ დახმარებები, დააწესონ ეკონომიკური სანქციები და გადახედონ თანამშრომლობას.
ამ სტატიაში განვიხილავთ:
- რამდენად არის დამოკიდებული საქართველოს ეკონომიკა დასავლეთზე;
- როგორ იმოქმედებს სანქციები სახელმწიფოს ფინანსებზე და მოქალაქეთა ცხოვრების დონეზე;
- როგორია გრძელვადიანი რისკები.
საქართველო მცირე და ღია ეკონომიკაა, რომლის განვითარებაც დიდწილად დამოკიდებულია საგარეო ვაჭრობაზე, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე (FDI) და დასავლურ დახმარებებზე.
სავაჭრო პარტნიორები:
- ევროკავშირი და აშშ ერთად საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო ბლოკს წარმოადგენენ;
- ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება (DCFTA) ამოქმედდა 2016 წელს და მნიშვნელოვნად გაზარდა ქართული პროდუქციის წვდომა ევროპულ ბაზარზე;
- 2023 წლის მონაცემებით, ევროკავშირი საქართველოს ექსპორტის დაახლოებით 17%-ს, ხოლო აშშ — დაახლოებით 6%-ს შეადგენს.
უცხოური ინვესტიციები:
- FDI საქართველოში კვლავ მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა, თუმცა მისი მოცულობა მზარდი არ არის;
- 2023 წელს FDI-ის ძირითადი წყარო ქვეყნები იყვნენ: ნიდერლანდები, დიდი ბრიტანეთი, აშშ და ჩეხეთი - ანუ უმეტესწილად დასავლური ბლოკი;
- ენერგეტიკის, მშენებლობის, ფინანსების და უძრავი ქონების სექტორები ძირითადად დასავლური კაპიტალით იზრდება.
გრანტები და ფინანსური დახმარება:
- მხოლოდ ევროკავშირს აქვს გამოყოფილი მილიარდობით ევრო საქართველოსთვის 2021–2027 წლების ფინანსური ჩარჩოს ფარგლებში, როგორც პირდაპირი გრანტები, ისე - სესხები და ტექნიკური დახმარება;
- აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და USAID ყოველწლიურად გამოყოფენ ათეულობით მილიონ დოლარს საქართველოს დემოკრატიული განვითარების, სამოქალაქო სექტორისა და ინფრასტრუქტურის მხარდასაჭერად.
სანქციების ან დახმარების შეჩერების შესაძლო ეკონომიკური შედეგები
1. ლარის დევალვაცია და ინფლაცია
- უცხოური ფულადი ნაკადების შემცირება ზეწოლას მოახდენს ეროვნულ ვალუტაზე, რაც გამოიწვევს ლარის გაუფასურებას;
- გაუფასურებული ლარი გააძვირებს იმპორტირებულ პროდუქტებს, რაც პირდაპირ დაარტყამს მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ფენას, სადაც ხარჯების დიდი ნაწილი პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მოდის.
2. ინვესტიციების შემცირება და სამუშაო ადგილების კლების რისკი
- დასავლური კაპიტალის შემცირება და ქვეყანაში ინვესტორთა ნდობის ვარდნა შეანელებს ბიზნესინიციატივებს, მშენებლობას, ენერგეტიკულ პროექტებსა და ტექნოლოგიურ განვითარებას;
- პირდაპირი შედეგი იქნება შრომის ბაზრის შემცირება, ანუ - დასაქმების კლების საფრთხე, რაც იწვევს სიღარიბის ზრდას.
3. ბიუჯეტის დეფიციტი და სოციალური პროგრამების შეზღუდვა
- დახმარების შეჩერება შეამცირებს სახელმწიფოს ბიუჯეტურ რესურსებს, რაც შეაფერხებს იმ პროგრამებს, რომლებსაც ევროკავშირი ან აშშ აფინანსებს (განათლება, ჯანდაცვა, მუნიციპალური პროექტები, ინფრასტრუქტურა);
- გაიზრდება სახელმწიფო ვალის მიმართ დამოკიდებულება და ბიუჯეტის დეფიციტის შესავსებად შესაძლოა გაძვირდეს სესხის აღება საერთაშორისო ბაზრებზე.
4. გეოპოლიტიკური იზოლაციის საფრთხე
- დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭება შეასუსტებს საქართველოს პოზიციას რეგიონში და გააძლიერებს დამოკიდებულებას რუსეთსა და ჩინეთზე, რაც უსაფრთხოების თვალსაზრისით უკიდურესად საფრთხილოა;
- პარალელურად, ევროკავშირთან გაწევრიანების პერსპექტივა, რომელიც 2023 წლის დეკემბერში გახდა ხელშესახები, გაიწელება ან დაიბლოკება.
5. ბანკებსა და ფინანსურ სექტორზე ზეწოლა
- შეიძლება გართულდეს დოლარსა და ევროში ტრანზაქციები, საერთაშორისო გადარიცხვები, საფინანსო ინსტრუმენტებით ვაჭრობა;
- კომერციული ბანკები შეამცირებენ კრედიტის გაცემას - მცირე და საშუალო ბიზნესი სერიოზულ კრიზისში შევა.
6. ტურიზმის შემცირება და ეკონომიკური აქტივობის ვარდნა
ევროკავშირის ქვეყნებიდან და აშშ-დან შემოსული ტურისტების რაოდენობა შემცირდება;
ტურიზმზე დამოკიდებული სექტორები - სასტუმროები, კვება, გიდები, ადგილობრივი წარმოება - დაკარგავენ შემოსავალს.
საბოლოო ჯამში, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში დასავლეთისგან დისტანცირება და შესაძლო სანქციები საქართველოს სერიოზულად დააზიანებს, განსაკუთრებით სამ დონეზე:
- მოსახლეობის ყოფითი დონე (ინფლაცია, უმუშევრობა, ბიუჯეტის შემცირება);
- საშინაო ბიზნესი და საინვესტიციო კლიმატი (FDI-ის შემცირება, ბანკების რისკები);
- გეოპოლიტიკური პოზიციონირება (ევროინტეგრაციის შესაძლებლობის დაკარგვა და საერთაშორისო იზოლაციის საფრთხე).
აღსაღნიშნავია, რომ დასავლეთს ხელეწიფება უფრო მკაცრი და დრამატული სანქციების მიღებაც, რომელსაც მყისიერი კრიზისის გამოწვევა შეუძლია (მაგალითად SWIFT-დან გათიშვა). ასევე ნაკლებ სავარაუდოა, დასავლეთთან ასე ღრმა კავშირში მყოფი ქვეყანა სწრაფად და უმტკინვეულოდ გადაეწყოს ეკონომიკურად სხვა ქვეყნებზე (რუსეთი, ჩინეთი, არაბეთი).