რა იცი დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსზე?
დავითგარეჯა ( დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი ) - ფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიურ-კულტურული ცენტრი, სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსი. მდებარეობს კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 60-70 კმ-ში, გარეჯის სერზე.
კომპლექსი დაარსდა VI საუკუნის I ნახევარში ერთ-ერთი ასურელი მამის, დავითის მიერ. იგი თავის მოწაფე ლუკიანესთან ერთად მოვიდა გარეჯის უდაბნოში და დასახლდა პატარა, ბუნებრივ მღვიმეში. ასე ჩაეყარა საფუძველი მონასტერს, რომელიც შემდგომ საუკუნეებში ცნობილი გახდა დავითის ლავრის სახელით.
დავითის ლავრა გარეჯის სამონასტრო ცხოვრების ცენტრი იყო. დროთა ვითარებაში მას განშტოებები შეემატა. გარეჯა ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია, როგორც „გარეჯის მრავალმთის ათორმეტნი მონასტერნი“. „ქართლის ცხოვრება“ მოგვითხრობს: მეფე დემეტრე II-ის დროს სადუნმა „იქმნა კეთილიცა საქმე მონასტერთა და გლახაკთა მიმართ, რომელი დღეთა ცხოვრებისა მისისათა მან მისცა ყალანი და მალი ათორმეტთა უდაბნოთა გარეჯისათა და განათავისუფლა ქუეყანა გარესჯისა და მსახურებდა მეფესა დიმიტრის“. აკადემიკოსი გ. ჩუბინაშვილი გარეჯის მონასტრების „ათორმეტად“ მოხსენიების საკითხს გვერდს ვერ აუვლიდა, მაგრამ რადგან ხელთ არსებული მასალები მხოლოდ შვიდი მონასტრის ლოკალიზების საშუალებას აძლევდა, ამიტომ სხვა მეცნიერების მსგავსად იგიც „თორმეტს“ ქრისტიანულ რელიგიაში გავრცელებულ სიმბოლურ საკრალურ რიცხვს უკავშირებდა.
ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, „გარეჯის მთას არს მონასტერნი კლდესა შინა გამოკვეთილნი, სენაკნი, ტრაპეზნი, პალატნი; ზამთარ თბილი, ზაფხულ გრილი. ნათლისმცემელს ზის არქიმანდრიტი, ჩიხტიტურს ზის წინამძღვარი, დავით-გარეჯას არქიმანდრიტი, ბერთუბანს წინამძღვარი. არამედ ყოფილა მონასტერნი მრავალნი ვიდრე მწარე წყალმდე და მოწესიტა სავსენი, ხოლო აწ არს ხუთი მოწესია მყოფი“.
პლატონ იოსელიანი, დავითის ლავრის გარდა, ჩამოთვლის კიდევ თერთმეტ მონასტერს: აღდგომისა წამებული, ბერთუბანი, დოდოს რქა, იოანე ნათლისმცემელი, ჩიჩხიტური, თეთრ-სენაკები, მაღაზანა ანუ მღვიმე, ქოლაგორი, მოხატული, ვერანგარეჯა და პირუკუღმარი.
დავითგარეჯის სამონასტრო მშენებლობამ თავის მწვერვალს საქართველოს საერთო ეროვნულ და კულტურულ-პოლიტიკური აღმავლობის დროს, XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე მიაღწია. დავითგარეჯში გამომუშავდა სამონასტრო ცხოვრებისა და მშენებლობის საკუთარი წესი, ფრესკული მხატვრობის საკუთარი სკოლა.
ამ პერიოდის დავითგარეჯის მონასტრების სახე მკვეთრად განსხვავდება ადრინდელი პერიოდის მონასტრებისაგან. მთავარ ეკლესიებსა და სატრაპეზოებში ადრინდელი უბრალოებისა და უშუალობის ნაცვლად თავი იჩინა დიდებულებამ, გრანდიოზულობამ, ინტერესმა ფართო, თავისუფალი სივრცისადმი. შთაბეჭდილებას კიდევ უფრო აძლიერებდა მთავარი ეკლესიებისა და საერთო სატრაპეზოების კედლების მოხატულობა. დავითგარეჯის მხატვრობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ქტიტორთა მრავალრიცხოვანი გამოსახულებები, მ. შ. საქართველოს მეფეთა პორტრეტები (თამარ მეფე და მისი ძე გიორგი IV ლაშა — ბერთუბნის ეკლესია, ამჟამად — ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, თბილისი; მეფე დემეტრე II თავდადებული — უდაბნოს მონასტრის ხარების ეკლესიის მოხატულობა). ქტიტორთა პორტრეტები ზომით ბევრად ჭარბობს რელიგიური პერსონაჟების გამოსახულებებს, რაც მოწმობს ქართველი ოსტატის დამოუკიდებლობად ბიზანტიური ხელოვნების მიერ დაკანონებული სქემებისაგან. აღსანიშნავია ბერთუბნის სატრაპეზოს მოხატულობა, რომელიც საზეიმო და დიდებულ შთაბეჭდილებას ტოვებს. უდაბნოს მთავარ ეკლესიაში გამოსახულია სცენები დავით გარეჯელის ცხოვრებიდან ასევე საინტერესოა უდაბნოს მონასტრის ამაღლების ეკლესიის აფსიდის მოხატულობაც, რომელიც გამოირჩევა მეტყველი სახეებით და დინამიკურობით.
გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ცალკეული სამონასტრო კომპლექსი ურთიერთშორის დაკავშირებული იყო საგუშაგო და სასიგნალო კოშკებით, რომლებმაც ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწია. საინტერესოა ბოლო საუკუნეების (XVII, განსაკუთრებით XVIII საუკუნე) ცალკეული გამოქვაბულები, რომლებიც გაჯის ნაძერწი მორთულობითაა გაფორმებული.
სხვადასხვა დროს დავითგარეჯის მონასტრებში მოღვაწეობდნენ ონოფრე გარეჯელი (XII ს.), დემეტრე I, ონოფრე მაჭუტაძე (XVII-XVIII საუკუნეების მიჯნა), სულხან-საბა ორბელიანი, ბესარიონ ბარათაშვილ-ორბელიშვილი, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (XVIII ს), გაბრიელ საგინაშვილი (XVIII ს), გრიგოლ დოდორქელი, ანტონ I, ტიმოთე გაბაშვილი, გაბრიელ მცირე და სხვა. გარეჯელი მოღვაწეები წერდნენ ხელნაწერებს, ადგენდნენ კრებულებს, დახმარებას უწევდნენ კულტურის სხვა კერებს. დავითგარეჯში დაცული იყო ხელნაწერთა მდიდარი ფონდი.