რა მიზნებით იყენებენ ინტერნეტს საქართველოში?
საქართველოში ოჯახების 92% ინტერნეტით უზრუნველყოფილია - ამაზე მოწმობს საქსტატის მიერ ჩატარებული შინამეურნეობებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების 2025 წლის გამოკვლევის შედეგები. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 0.4 პროცენტული პუნქტით აღემატება. აღსანიშნავია, რომ ინტერნეტით უზრუნველყოფილი შინამეურნეობების წილი საქალაქო დასახლებებში 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 0.1 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად, 95.2 და 87.6 პროცენტი შეადგინა. რეგიონების მიხედვით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისსა და აჭარაში დაფიქსირდა და შესაბამისად, 96.9 და 94.5 პროცენტი შეადგინა.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ბოლო 3 თვის განმავლობაში ინტერნეტით ისარგებლა 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 87.9 პროცენტმა, რაც 3.2 პროცენტული პუნქტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. საქალაქო დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი 91.6 პროცენტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში 81.8 პროცენტით განისაზღვრა. ეს მაჩვენებელი ქალების შემთხვევაში 88.2 პროცენტს, ხოლო კაცების შემთხვევაში 87.6 პროცენტს შეადგენს. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, ამ მაჩვენებლის მნიშვნელობა ყველაზე მაღალია 15-29 წლის მოსახლეობაში და 99.0 პროცენტს შეადგენს.
საქსტატის ცნობით, 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობიდან, რომლებიც ბოლო 3 თვის განმავლობაში სარგებლობდნენ ინტერნეტით, 95.4 პროცენტი ინტერნეტს ყოველდღე ან თითქმის ყოველდღე იყენებდა, 4.3 პროცენტი - კვირაში ერთხელ მაინც (მაგრამ არა ყოველდღე), 0.4 პროცენტი კი - უფრო იშვიათად, ვიდრე კვირაში ერთხელ.
ამასთან, გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 15 წლის და უფროსი ასაკის, ბოლო სამ თვეში ინტერნეტის მომხმარებელ მოსახლეობაში, ძირითადად ინტერნეტის გამოყენების მიზნებს წარმოადგენდა: ინტერნეტ (აუდიო/ვიდეო) კავშირი (97.2%), სოციალური ქსელების გამოყენება (96.0%), ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობა (55.7%), ჯანმრთელობის საკითხებზე ინფორმაციის მოძიება (52.1%), საქონლისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მოძიება (47.7%), ონლაინ ახალი ამბების/გაზეთების/ჟურნალების წაკითხვა (45.3%), ელ. ფოსტის მიღება/გაგზავნა (38.5%), პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტის (გარდა თამაშებისა) ჩამოტვირთვა (13.7%) და სამუშაოს ძიება ან სამუშაოსთვის აპლიკაციების გაგზავნა (11.0%).
„15 წლის და უფროსი ასაკის, ბოლო 12 თვეში ინტერნეტის მომხმარებელი მოსახლეობის 37.4 პროცენტმა ინტერნეტის მეშვეობით შეიძინა ან შეუკვეთა საქონელი ან მომსახურება. აღნიშნული მაჩვენებლის მნიშვნელობები განსხვავდება დასახლების ტიპის მიხედვით: საქალაქო დასახლებებში - 43.4 პროცენტია, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 26.1 პროცენტი. სქესის მიხედვით მაჩვენებლის მნიშვნელობები ქალებისათვის 41.0 პროცენტს, კაცებისათვის კი 33.3 პროცენტს შეადგენს. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით მაჩვენებლის მნიშვნელობები განსხვავებულია: 15-29 წლის ასაკის მოსახლეობაში - 61.1 პროცენტი, 30-59 წლის ასაკის მოსახლეობაში - 38.3 პროცენტი,ხოლო 60 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში - 15.3 პროცენტია.