"4 წლისა სრულიად უცხო გარემოში დავტოვე, მოვიგლიჯე გულიდან... ტიროდა, მეც ვტიროდი..." - ქართველი ემიგრანტის უმძიმესი ისტორია
იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტი, ხათუნა შარაძე სოციალურ ქსელში წერს, თუ რისი გადატანა მოუწია ემიგრაციის პირველ წლებში.
"4 წლის იყო სრულიად უცხო გარემოში, მისთვის გაუგებარ ენაზე მოსაუბრე თანატოლებთან რომ დავტოვე, მოვიგლიჯე გულიდან და დავტოვე. ტიროდა. მეც ვტიროდი. პირველი თვეები უსასრულოდ ვტიროდით. ამასობაში პირველი სტაბილური სამსახური გამოჩნდა. მეზობელ ქალაქში რესტორანს დამლაგებელი სჭირდებოდა. სამი საათი უნდა მელაგებინა დიდი დარბაზები და რესტორნის შიდა ეზო. უმაღლესი საკლასო ჩინის მქონე, მეორე კატეგორიის საჯარო მოხელე კი არა უბრალოდ არალეგალი უცხოელი სჭირდებოდათ, ვისაც მინიმალურ ანაზღაურებას გადაუხდიდნენ. პირველ გასაუბრებაზე მივდიოდი და სიხარულით მიცემდა გული, ეს, ჩემი პირველი სტაბილური სამსახური იქნებოდა, რომელიც ტვინს ჩამოსვენების და ცოტაოდენი სიმშვიდის საშუალებას მისცემდა.
პირველ გასაუბრებაზე ქუსლიანი ფეხსაცმლით წავედი, ღია, შავი ფერის ლამაზი ფეხსაცმელებით. საქართველოდან ჩამოტანილი ჯინსის შარვლითა და საქართველოდან ჩამოტანილი ნაცრისფერი, ზოლებიანი პერანგით. თმა წყლით დავისველე, კოსა რაც შეიძლება მაღლა ავწიე (ასე უფრო მელამაზება ჩემი თვალების ჭრილი) და წელში გამართული შევედი დიდ დარბაზში.
ანტონიეტა, სასიამოვნო გარეგნობის ჭაღარა თმიანი ქალი იყო. ხელები ზურგს უკან ჰქონდა გადაჭდობილი. ჩემი იტალიელი მხლებელი, რომელმაც სამსახური მიშოვა, თან მახლავს. რესტორნის მისაღებში შავი როიალი დგას.
ოზურგეთი გამახსენდა და ჩვენი როიალი. “Becker“-ის ფირმის დიდი, საკონცერტო როიალი. ბავშვობაში დედაჩემს ჩვენი როიალის თავზე ტოტო კუტუნიოს ფოტო ედო. ერთხელ მეზობელი გვესტუმრა, კატუშა ბებია და დედაჩემს ჰკითხა, - თინიკო ვუყურებ ამ კაცს, შარაძეებში ვერავის მივამსგავსე, არც ჟღენტებს ჰგავს და ვინაა ეს კაცი ასე საპატიო ადგილას რომ გიდევს მისი ფოტოო? - კატუშა ბიცოლა, როგორ არ იცი, ეს იტალიელი მომღერალი ტოტო კუტუნიოაო, - უპასუხა დედაჩემმა. დედა ნეტა თუ იცის მაგ სასიკტილემ ასე საპატიო ადგილზე, რომ დევს მელექედურში, როიალის თავზეო, - ჩაილაპარაკა კატუშამ.
ჩემი იტალიელი მეგზური მიხსნის, რომ ამ მუსიკარულ ინსტრუმენტს როიალი ჰქვია... ანტონიეტა მიღიმის. ამიყვანეს დამლაგებლის პოზიციაზე და მე უბედნიერესი ვბრუნდები ჩვენს 13 კვადრატიან სარდაფში. სარდაფი ქუჩის დაბლაა და მთელი ექვსი თქვე ყველა გამვლელის ხმა, რომელიც ამ სარდაფში შემოდიოდა, ჩემი ძმის ხმა მეგონა. სასწრაფოდ ვპოულობ ქართველ ემიგრანტს და შაბათ დღეს, როცა მარიამი ბაღში არ იქნება, მასთან დატოვებაზე ვურიგდები 5 ევროდ.
ორი თვე ვიმუშავე დიდი რესტორნის დამლაგებლად. იატაკის წმენდისას შუშის უზარმაზარი ვაზა გავტეხე, უკუსვლით სიარულს ვსწავლობდი. ზუსტად ზურგს უკან დალეწილი ვაზის მსგავსად ახალ დამსხვრეული მქონდა 37 წლიანი ცხოვრება. მეგონა ამანაზღაურებინებდნენ.
ეზოში ფენშუის ზარები წკრიალებდნენ, ნაწვიმარი იყო და წინა დღის სველ ფოთლებს ვგვიდი. ტელეფონმა დამირეკა, ჩემი ძმა იყო, - ყველაფერი მშვიდობით დასრულდა, გილოცავ, ხათუნა შარაძე დაიბადაო. სამი თვით ადრე დაიბადა ჩემი მესამე ძმისშვილი. შიშის და სიხარულის ცრემლები მდიოდა, დაგვა არ შემიწყვეტია, უბრალოდ ვტიროდი.
როცა ხელფასის დღე მოვიდა, რესტორნის მეპატრონემ 130 ევრო გადამიხადა, ავტომობილიდან არ გადმოსულა, ფანჯრიდან გადმომაწოდა და მითხრა, - ეს სამსახურია, ემოციები სახლში დატოვე და სამსახურში ისე გამოცხადდი, როცა მუშაობ ნუ ტირიო. აღარ მახსოვს მადლობა გადავუხადე თუ არა, მაგრამ იქ აღარ დავბრუნდი. ჯერ არაფერი მომხდარა ჩემს ცხოვრებაში ისეთი რამ, რაც ჩემს თავმოყვარეობას ღირსების სანაცვლოდ არჩევანს არ გააკეთებინებს. ბოლოს და ბოლოს უფსკრულში გადახტომა უკვე ნასწავლი მქონდა.
„მე, იტალია და მარიამი“ (შეიძლება სათაური შევცვალო)
2023 წელი. 2 აპრილი. იტალია.
წიგნი გამოიცემა იტალიურ ენაზე", - წერს შარაძე.