თეგებით ძიება

"სულ ახლახან გაირკვა, რომ ვატიკანში დაცულია ქართული ტექსტი, რომელიც ასე იწყება..." - რა ინფორმაციას ავრცელებს ბექა ყორშია?

ჟურნალისტი, ბექა ყორშია ვატიკანში აღმოჩენილ ქართულ ტექსტზე და საქართველო-ევროპის ურთიერთობებზე სოციალურ ქსელში წერს.

"ცოტა დიდი პოსტი.

სულ ახლახან გაირკვა, რომ ვატიკანში, ფიდეს არქივში, დაცულია ქართული ტექსტი, რომელიც ასე იწყება:  "რა თქმა უნდა, თქვენ მე არ მიცნობთ...". ხელმოწერით ირკვევა, რომ მისი ავტორი სულხან-საბა ორბელიანია. ტექსტის ადრესატი კი - პაპი.

"რა თქმა უნდა, თქვენ მე არ მიცნობთ..." - რამხელა სიმძიმეს ატარებს ეს ერთი შეხედვით მარტივი წინადადება, რომელიც პრინციპში, მთლიანად ხსნის იმჟამინდელ ჩვენს პოლიტიკურ ყოფას. 

აქ და ახლა, საქმე სხვაგვარადაა. პაპი საქართველოშიც კი იყო რამდენიმე წლის წინ ჩამოსული. დასავლურ პოლიტიკურ სამყაროში საქართველოს იცნობენ, მოკავშირედ თვლიან და ჩვენგან სწორი ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში, მზად არიან, ამ მოკავშირეობას ოფიციალური სახეც მისცენ. თუ სულხან-საბა ორჯერ ესტუმრა ლუი მე-14-ს და არცერთმა შეხვედრამ ხელშესახები შედეგი არ მოგვცა, ზუსტად 300 წლის შემდეგ ევროპელი პოლიტიკოსები აქეთ ჩამოდიან საქართველოში და გვთავაზობენ ახლომოკავშირეობას, ოღონდ ამისთვის სასამართლო რეფორმა უნდა განვახორციელოთ, ადამიანის უფლებები დავიცვათ, აღმოვფხვრათ კორუფცია და ა.შ 

საქართველოს ისტორიის განმავლობაში, ასეთი შანსი ჩვენს ქვეყანას არ ჰქონია, მაგრამ ასეთი ცუდი მთავრობაც არ ჰყოლია და ეს ფაქტია. ეს არის ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ ის ღვწა და ჯაფა, რაც სულხან-საბადან მოყოლებული ქართველებმა გავწიეთ, წყალში ჩაყაროს ერთი ადამიანის ხუშტურების გამო. 

ჩვენს პოლიტიკურ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან დროს, როცა უკრაინელების თავგანწირულმა ბრძოლამ ჩვენთვისაც გააჩინა ისტორიული მომენტუმი ევროკავშირის წევრობისათვის, გვყავს ხელისუფლება, რომელიც ტრაგიკულად მოღალატეობრივია და თუ ასე გაგრძელდა, დავკარგავთ დროს, ათწლეულების შემდეგ კი აუცილებლად მოგვიწევს ევროპელებთან ლაპარაკის ისევ ასე დაწყება:

 "რა თქმა უნდა, ჩვენ თქვენ არ გვიცნობთ...", - წერს ყორშია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა