თეგებით ძიება

„რუსეთში ჩემი ფეხი არ იქნება. ის ჩემთვის ქვეყანა არ არის. ის არის მოძალადეების, სადისტების ტერიტორია“ - გოგი ჭიჭინაძე

"რუსეთში მიწვევები არ მაკლია იმეილებით, ხვეწნით, მაგრამ უარი მითქვამს და ვიტყვი!" - ამის შესახებ დირიჟორმა, გოგი ჭიჭინაძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

- იმ ქვეყანაში რომ მიგიწვიონ კონცერტზე, რომელსაც თქვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს, თქვენი "კი" ან "არა" იქნება თუ არა პოლიტიკასთან კავშირში?

- მარტივად გიპასუხებთ - როცა სახელმწიფოს, შენს არჩეულ პარლამენტს არა აქვს მკვეთრად გამოხატული აზრი რომელიღაც ცალკე აღებული ქვეყნის შესახებ, თუკი არის მიმოსვლა, ეკონომიკური ურთიერთობა და ა.შ., თუკი ჩემი არჩეული პარლამენტი არ მეუბნება, რომ ამა და ამ სახელმწიფოსთან ჩვენ ვწყვეტთ ყველანაირ კავშირს და ღალატის ტოლფასია იმ სახელმწიფოსთან ურთიერთობა, ეს ნიშნავს, რომ მე, როგორც ხელოვანს, მიჩნდება შესაძლებლობა ჩემი სინდისის, მორალის და მოქალაქეობრივი პოზიციის მიხედვით გადავწყვიტო, არავის უფლება არა აქვს ხელი შემიშალოს, წავალ იმ ქვეყანაში კონცერტების გასამართად, ჰონორარის ასაღებად თუ არა. ეს ყველამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს, ხელოვანმაც და არახელოვანმაც.

მე რაც შემეხება, ჩემი ფეხი იმ ქვეყანაში არ იქნება. ის ქვეყანა ჩემთვის ქვეყანა არ არის. ის არის მოძალადეების, სადისტების ტერიტორია (არა ქვეყანა), სადაც არსებობს ნამუსიანი ადამიანების დაახლოებით 1-2% და ეს უკანასკნელნიც ან მკვდრები არიან, ან მოწამლულები, ან ციხეში სხედან. ჩემთვის რუსეთი ბოროტების ბუდეა და ჩემი ფეხი არ იქნება იქ, სანამ ძირფესვიანი ცვლილებები არ მოხდება, მაგრამ ეს ჩემი პირადი არჩევანია, პოზიცია, რომელსაც თავზე არავის ვახვევ, რადგან ვთვლი, რომ მას, ვინც იქ მიდის, აქვს უფლება თავისი ნამუსის მიხედვით გადაწყვიტოს, უღირს თუ არა, სახელმწიფო მათ არაფერს ეუბნება.

- იმიტომ, რომ ეს მათი მოქალაქეობრივი პოზიციაა?

- ან მოქალაქეობრივი პოზიციაა, ან საერთოდ არ გააჩნიათ მოქალაქეობრივი პოზიცია. მე ამისთვის არავის გავკიცხავ საჯაროდ. საჯაროდ შემიძლია ვილაპარაკო კანონდარღვევაზე, მაგალითად, როცა ვიღაცას კლავენ, აუპატიურებენ, აწამებენ - ამაზე შეიძლება მქონდეს საჯარო პოზიცია.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში მიწვევები არ მაკლია იმეილებით, ხვეწნით და არა მარტო ხელმძღვანელობის, არამედ იქაური ორკესტრანტებისგანაც, მაგრამ უარი მითქვამს და ვიტყვი!

მინდა გავიხსენო 12-13 წლის წინანდელი ამბავი, როცა აქ ერთი ამბავი ატყდა, პირდაპირ დევნიდნენ მათ, ვინც რუსეთში გადიოდა, არტისტებსაც გადასწვდა მთავრობა. ატეხეს კივილ-წივილი და ამ დროს ქართული მაღაზიები გატენილი იყო რუსული პროდუქციით, რომელიც ქართულ პროდუქციაზე იაფი ღირდა. ქართულ პროდუქციას ღუპავდნენ და მილიონი უნამუსო ფინანსური კონტაქტი ჰქონდათ თვითონ მთავრობისა და პარლამენტის წევრებს რუსეთთან. ეს რომ დავინახე, როგორც კი მოწვევა მომივიდა, მაშინვე წავედი, სპეციალურად - ეს პროტესტი იყო. მე რომ ამორალურს მეძახი და თვითონ ბიზნესი გაქვს რუსეთთან, წყალს და ყველაფერს რომ ყიდი, რაც საქართველოს გააჩნია, მაშინ მე პრინციპულად წავალ იქ. ეს მოხდა ერთხელ და დამთავრდა.მოკლედ, ხელოვნება და პოლიტიკა სხვადასხვა რამაა, მოქალაქეობრივი პოზიცია კი - სხვა რამ. მე დიდ პატივს ვცემ იმ ხელოვანს, რომელიც თავის მოქალაქეობრივ პოზიციას პოლიტიკაში ჩაურევლად გამოხატავს. როცა ხელოვანი პოლიტიკოსი ხდება, ჩემი ღრმა რწმენით, ის ვეღარ იქნება ხელოვანი - ეს სულიერად და მორალურად ურთიერთგამომრიცხავია. როცა ვინმე პოლიტიკაში მიდის, ცუდი ადამიანი კი არ არის, უბრალოდ, სხვა ხდება - კარგი პოლიტიკოსი ხდება თუ ცუდი, ეს სხვა საკითხია. მოქალაქეობრივი პოზიციის გამოხატვა ყველას შეუძლია, თუმცა ზოგს უბრალოდ არ შეუძლია, ასეთია ბუნებით... მაგრამ, როცა ადამიანი მკვლელობებსა და სხვა უბედურებაზე ჩუმადაა, იმიტომ, რომ თავისი პოზიცია, თანამდებობა გაიმყაროს, ჩემთვის ეს მიუღებელია, - განაცხადა გოგი ჭიჭინაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა