თეგებით ძიება

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა – ქართული ხელოვნების საგანძური

თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე №11, მდებარეობს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა — ქართული სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგამოფენო სივრცე, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში შედის. მას ხშირად „ცისფერი გალერეის“ სახელითაც მოიხსენიებენ, რაც უკავშირდება შენობის განსაკუთრებულად თვალშისაცემ ფერსა და ისტორიულ იდენტობას.

გალერეა განთავსებულია მე-19 საუკუნის არქიტექტურული ძეგლის — ყოფილი „დიდების ტაძრის“ შენობაში, რომელიც თავდაპირველად სამხედრო-ისტორიული მუზეუმის ფუნქციას ასრულებდა. ტაძარი 1888 წელს აშენდა რუსეთისა და ოსმალეთის 1877–78 წლების ომში რუსეთის გამარჯვების აღსანიშნავად. მისი არქიტექტორი იყო ალექსანდრე ზალცმანი, რომელმაც საფუძვლად აიღო იტალიელი არქიტექტორ პიო პიაჩენტინის რომში აგებული საგამოფენო სასახლის ფასადი (1883). შენობის გამზირისკენ მიმართული მხარე ბაროკოსთვის დამახასიათებელი მდიდარი დეკორით გამოირჩევა, კორინთული სვეტებითა და ნახევარსფერული ექსედრით გადახურული შესასვლელით, რომელიც ცენტრში გამოეყოფა კუბური ფორმის მოცულობას. შენობის კიდეებზე მდებარე პილასტრები სიმეტრიულად ანაწევრებს მთლიან მოცულობას, რაც კლასიკური სტილის ელეგანტურობას აძლიერებს.

შენობის მშენებლობისთვის გამოიყო ალექსანდრეს ბაღის ზედა ნაწილი. 1888 წლისთვის დასრულდა როგორც მშენებლობა, ისე მუზეუმის საექსპოზიციო კოლექციის შერჩევა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო რუსეთის სამეფო ოჯახის წევრთა და მხედართმთავართა პორტრეტები, ბატალური სცენების ტილოები, რუსული და სპარსულ-თურქული სამხედრო საჭურველი. ამ ტილოებს იმ დროის გამოჩენილი მხატვრები ქმნიდნენ — ივან აივაზოვსკი, ფრანც რუბო, ნიკოლაი სამოკიში, პიოტრ კოლჩინი და სხვები. შენობის გარშემო განთავსებული იყო ომის ნადავლი — 38 ზარბაზანი, ხოლო ფასადზე დამაგრებული 12 დაფა ასახავდა კავკასიის ომების მთავარ თარიღებსა და მოვლენებს.

1914 წელს ექსპოზიცია დაიხურა, ნაწილი კოლექციის კი რუსეთში გაიტანეს. საქართველოში დარჩენილი ფერწერული ნამუშევრები დღეს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში ინახება.

1920 წელს შენობა ახალი ფუნქციით გაცოცხლდა — მხატვარმა დიმიტრი შევარდნაძემ საფუძველი დაუდო საქართველოს სამხატვრო გალერეას, რომელიც წლების შემდეგ ეროვნულ გალერეად გარდაიქმნა. სწორედ შევარდნაძე გახდა მისი პირველი დირექტორი. პირველი გამოფენა იმავე წლის ოქტომბერში გაიმართა და მოიცავდა ქართული და უცხოური ხელოვნების, ძველი და თანამედროვე ნამუშევრებს, რომლებიც შექმნილი ან მოხვედრილი იყო საქართველოს ტერიტორიაზე.

2007 წელს გალერეა ოფიციალურად შეუერთდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს და დაიწყო ფართომასშტაბიანი რეკონსტრუქცია. არქიტექტურული პროექტი პორტუგალიურმა სტუდია „Ainda Arquitectura“-მ შეიმუშავა. შენობას შენარჩუნებული აქვს ისტორიული ფასადი, თუმცა უკანა ნაწილში დაემატა თანამედროვე სივრცეები — 8 საგამოფენო დარბაზი, სარესტავრაციო ლაბორატორია, საგანმანათლებლო და საცავ-სივრცეები, ასევე მუზეუმის მაღაზია.

დღეს ეროვნული გალერეა ინახავს დაახლოებით 30 000 ექსპონატს, რომელთა შორის წარმოდგენილია ფერწერა, გრაფიკა, გამოყენებითი ხელოვნება და ფოტოგრაფია. განსაკუთრებული ადგილი უკავია XX საუკუნის ქართული სახვითი ხელოვნების მემკვიდრეობას. აქ შეგიძლიათ იხილოთ ნიკო ფიროსმანის, ელენე ახვლედიანის, დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილისა და მრავალი სხვა ოსტატის ნამუშევრები.

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა არა მხოლოდ ხელოვნების გაცნობის სივრცეა, არამედ — კულტურული მეხსიერებისა და ეროვნული იდენტობის ამსახველი ცოცხალი მემკვიდრეობა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა