თეგებით ძიება

„ირანიდან კაპიტალი არაფორმალური გზებით შემოდის, პრობლემურია ამ კაპიტალის წარმომავლობაც“ - რა საფრთხეებთანაა დაკავშირებული ირანთან ეკონომიკური სიახლოვე

საქართველო-ირანს შორის ეკონომიკური ურთიერთობები ბოლო წლებია მზარდი ტემპით ხასიათდება. იზრდება როგორც ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა, ისე ტურიზმი და ამასთანავე, საქართველოში დაარსებული ირანული კომპანიების რაოდენობა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ (TI) ბოლო კვლევით, ირანთან ვაჭრობა ბოლო 12 წელში გაიზარდა 3-ჯერ, ირანელი ვიზიტორების რაოდენობა 2-ჯერ, ირანის მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული კომპანიების რაოდენობა 4-ჯერ, ხოლო პირდაპირი ინვესტიციები 5-ჯერ.

ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, კონკრეტულად რა საფრთხეებთან არის დაკავშირებული ირანთან ეკონომიკური სიახლოვე და აღნიშნულის შესახებ „ჯეოქეისის“ მრჩეველთა საბჭოს წევრს, ნიკოლოზ ალავიძეს ესაუბრა.

ნიკოლოზ ალავიძე: ირან-საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობები იზრდება. ოფიციალური განცხადებების ფონზე არა, მაგრამ არაოფიციალური სახით ხელშეწყობა არის. ირანიდან მომავალი კაპიტალი იქნება ეს თუ ინტერესები, სამწუხაროდ, ფარულად და ნელ-ნელა იზრდება. მოვედი იმ მომენტამდე, როცა გავიღვიძეთ და აღმოვაჩინეთ, რომ ირანული კაპიტალით დაფუძნებული ბევრი კომპანიაა საქართველოში, ბევრმა ირანელმა შეიძინა უძრავი ქონება, გამრავლდა ირანული „გავლენა“ საქართველოში - ეს ყოველივე, რა თქმა უნდა, სახიფათო მომენტებს შეიცავს ჩვენთვის, რადგან ვიცით, რომ ირანი ცივილური სამყაროს მიერ, განსაკუთრებით კი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან ძალიან მძიმე სანქციების ქვეშ არის მოქცეული, გამომდინარე მისი არადემოკრატიული და აგრესიული შიდა და საგარეო პოლიტიკიდან.

ვაკვირდებით დიდ საერთაშორისო სცენაზე აშშ-ის განცხადებებს, მათ შორის, დონალდ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის მხრიდან და ვხედავთ, რამდენად სახიფათოდ მიიჩნევენ ირანის ბირთვული პროგრამის გაგრძელებასა და მათ პოლიტიკურ მმართველობას. ეს ყოველივე საყურადღებოა იმ ფონზე, როცა ჩვენ ირანთან ვზრდით ურთიერთობას, საქართველოდან ოფიციალური დელეგაციები ჩადიან ირანში და ტერორისტებად შერაცხული გარდაცვლილი პიროვნებების პანაშვიდებზე დადიან - ეს არის მძიმე პოლიტიკური განაცხადი და მძიმედ მოგვიტრიალდება.

ირანიდან კაპიტალი მხოლოდ არაფორმალური გზებით შემოდის, რაც საფრთხის შემცველია ქვეყნისთვის

გარდა პოლიტიკური რისკებისა, კიდევ რა პრობლემას ქმნის ირანთან მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობა?

- გასაგებია, რომ გეოგრაფიულად ჩვენთან ახლოს არის ეს ქვეყანა, მაგრამ მეტი სიფრთხილე გვმართებს... გარდა იმ პოლიტიკური რისკისა, რაც ჩამოვთვალე, კიდევ უფრო დამაფიქრებელია ის ფაქტი, რომ ირანიდან კაპიტალი არ მოედინება სისტემურად და მოწესრიგებულად, ამ ქვეყანასთან არანაირი საბანკო ურთიერთობები არ არსებობს, ირანიდან ეს კაპიტალი მხოლოდ არაფორმალური გზებით შემოდის, რაც საფრთხის შემცველია ქვეყნისთვის. ერთი მხრივ, პრობლემურია ამ კაპიტალის წარმომავლობა და მეორე მხრივ, ეს საეჭვო წარმომავლობის ფულის, თუნდაც არატრადიციული მეთოდით მომართულის მართვა არის არასტაბილური ნებისმიერ შემთხვევაში, რადგან ნებისმიერ დროს შესაძლოა, შეწყდეს სხვადასხვა დამოუკიდებელი მიზეზების გამო. ამასთანავე, ირანი არის ძალიან მძიმე სანქციების ქვეშ, რაც მრავალმხრივ ართულებს საქართველოს ისედაც არასახარბიელო პოზიციონირებას და ასუსტებს ჩვენს კონკურენტუნარიანობას ცივილურ საერთაშორისო კომპანიებთან ურთიერთობაში.

დიდი ეჭვები შეიძლება არსებობდეს ირანულ კაპიტალსა და მის შემოდინებაზე. ეს ქმნის პრობლემას, რადგან იცით რამდენად დამოკიდებული არიან ეკონომიკები საერთაშორისო ტრანსფერებზე და საგარეო შემოდინებებზე, იქნება ეს ინვესტიციების თუ სხვა ტიპის რემიტენტების სახით. მათ შორის, ჩვენი ეკონომიკაც განჭვრეტადია აღნიშნულის მიმართ და ნებისმიერი არასაიმედო და დაბალრეპუტაციული არხიდან კაპიტალის შემოდინება თავის მხრივ, არის პრობლემური როგორც გამჭვირვალობის, ასევე, განჭვრეტადობის ნაწილში.

საკმაოდ გაზრდილია ირანული კომპანიების რეგისტრაციის მაჩვენებელი. იქიდან გამომდინარე, რომ ირანი დასავლური სამყაროს მხრიდან არაერთგზის სანქცირებულია, თუნდაც კაპიტალის შემოდინების ნაწილში, რამდენად პრობლემურია ეს მაჩვენებელი?

- ცალკე აღებული ამ კომპანიების რაოდენობა პრობლემას არ წარმოადგენს იქამდე, სანამ ეს კომპანიები იმ შემთხვევაში, თუ სანქცირებულები არიან, საქართველოში მიღებენ ისეთ სერვისებს, რომელიც იქნება მიჩნეული ამ საერთაშორისო დასანქცირებული ორგანოების მხრიდან მათი საქმიანობის ხელშეწყობად. ამ ნაწილში შესაძლოა, შედარებით დაზღვეულები ვიყოთ, რადგან ამ კომპანიებმა რომ განახორციელონ რაიმე კონკრეტული ტრანზაქციები, მათ უნდა მიიღონ საბანკო სერვისები; საქართველოს საბანკო სისტემა კარგად არის მობილიზებული და იცავს სანქციების რეჟიმს; ვიცით ისეთი შემთხვევები, როდესაც საბანკო სისტემა დამოუკიდებლად აღუდგა ისეთ მავნე გადაწყვეტილებებს, რომელიც საჯარო სექტორიდან იქნა გატარებული - საბანკო სექტორმა გააჩერა და დაბლოკა ასეთი სერვისები, რამეთუ საბანკო სექტორი არის საერთაშორისო საფინანსო სისტემის ნაწილი და ნებისმიერი მცირედი გადაცდომაც კი გამოიწვევს ამ სისტემაში დიდი კოლაფს, რასაც არ დაუშვებენ.

მიუხედავად ამისა, შესწავლილ უნდა იქნას ეს ირანული კომპანიები და დადგინდეს, რეალურად ახორციელებენ თუ არა რაიმე სამუშაოს, იღებენ თუ არა სერვისებს, დარეგისტრირების მიღმა, ქმნიან თუ არა რაიმე სახის დოვლათს და ა.შ. მნიშვნელოვანია, სტატისტიკის გარდა ფაქტებიც იყოს, რათა ანალიზის საშუალება გვქონდეს.

იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ირანთან საბანკო ურთიერთობა არ აქვს, ვაჭრობის ნაწილში ანგარიშსწორება რა სახით შესაძლოა, ხორციელდებოდეს, ნაღდი ფულით?

- ირანთან სავაჭრო პროდუქციის ნაწილი არის სანქციების ქვეშ, ნაწილით ვაჭრობა კი შესაძლებელია. ირანთან ვაჭრობის დიდი ნაწილი, რა თქმა უნდა, ხდება ქეშით და ასევე, თეორიულად შესაძლოა, ეს იყოს რომელიმე გავრცელებული კრიპტოვალუტაც.

არაერთხელ ახსენეთ, რომ ირანთან ეკონომიკური ურთიერთობის ნაწილში, ქვეყანას მართებს სიფრთხილე. რა არის ის კონკრეტული ნაბიჯები, რაც ამ კუთხით საქართველომ უნდა გადადგას?

- პირველ რიგში, უნდა გვქონდეს კოორდინირებული პოლიტიკა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად შეთანხმებით. აქ არის ორი გზა, ერთი - კულუარული მოლაპარაკებები, რომელიც არ არის საჯარო და მეორე - საჯარო მოქმედებები და განცხადებები. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, რასაც ვაკვირდებით და რასაც ბოლო წელია საქართველოს სახელმწიფო აკეთებს, სრულიად საპირისპიროა ჩვენი საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორების ხედვისა და რეკომენდაციებისგან.

საქართველომ კარგად გადახედოს და შეაფასოს ის შესაძლო რისკები, რაც შეიძლება ჰქონდეს მსგავს დაუფიქრებელ ნაბიჯებს, რაც არამარტო პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ ზიანსაც აყენებს ქვეყანას საშუალო და გრძელვადაში. ამასთანავე, აუცილებელია, რომ არ მოხდეს ხისტი მოქმედებებით პოლიტიკის გატარება ისე, როგორც აქამდე მოხდა ირანთან მიმართებით და რომელიც ანალიტიკოსების მხრიდან შეფასდა როგორც მიზანმიმართული.

ჩვენს გეოგრაფიას ვერ შევცლით, ამ მდებარეობას როგორც ბევრი დადებითი მხარე აქვს, ასევე შეიცავს საფრთხეებს. ეს საფრთხეები რეალიზდება მაშინ, როცა დაუფიქრებელი, პარტნიორთან შეუთანხმებელი პოლიტიკით მიდის ქვეყანა, რადგან ჩვენ არ გვაქვს იმხელა ძალა, რომ გლობალურ გეოპოლიტიკურ გამოწვევებს მარტო გავუმკლავდეთ. შესაბამისად, გვჭირდება ძლიერი და მყარი პარტნიორები, რაზეც ორიენტირებული აღებული გვაქვს დიდი ხნის წინ. ყველას კარგად ახსოვს სულხან-საბას თავგადასავალი, ის მიმართულება რაც აღებული ჰქონდა ამ ქვეყანას საუკუნეების განმავლობაში, არ უნდა შეიცვალოს, უნდა მოხდეს შემობრუნება, შეცდომების აღიარება და რეგიონში დაბალანსებული პოლიტიკით ჩვენი დამსახურებული და მოსაპოვებელი ადგილის მიღწევა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა