ხარაგაულში მეწყრული და კლდეზვავური პროცესები სახლებს აზიანებს - გეოლოგების რეკომენდაციები
ხარაგაულში მეწყრული და კლდეზვავური პროცესები აზიანებენ საცხოვრებელ სახლებს, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სავარგულებს და ინფრასტრუქტურულ ობიექტებს - ამის შესახებ გეოლოგიურ ბიულეტენშია ნათქვამი, რომელიც გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიურმა დეპარტამენტმა გამოაქვეყნა.
გეოლოგებმა გასულ წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, 58 დასახლებული პუნქტი შემოიარეს და შეაფასეს. ესენია: დ. ხარაგაული. ს.ს. ზვარე, ღელვანი, ფარცხნალი, კიცხი, ვარძია, ხიდარი, საქარიქედი, ღორეშა, ბეჟანთუბანი, ბაზალეთი, ღუდუმექედი, ვერტყვიჭალა, მაქათუბანი, ლახუნდარა, სარგვეში, მოლითი, ნუნისი, გედსამანია, წიფა, ჩხერი, ბორითი, ბორი, წყალფორეთი, თეთრაწყარო, ვაშლევი, საქასრია, უბისი, ვახანი, ლაშე, ღვერკი, დიდვაკე, მარელისი, ბაბი, ბეჟათუბანი, დეისი, ნებოძირი, ქვებიმ წითელხევი, საღანძილე, ვანი, სხლითი, ახალსოფელი, ისლარი, წიფი, პატარა ვარძია, ხონი, ხევი, გრიგალათი, ნადაბური, ბჟინევი, ვერტყვიჭალა, გოლათუბანი, მოსაკიდელი, ხემაღალი, გოლისი, საბე და იგორეთი.
გეოლოგიურ ბიულეტენში განსაკუთარებული ყურადღებას სოფელ კიცხში, ასევე სოფელ საქარიქედზეა გამახვილებული, თუმცა ნაშრომში დატანილ მუნიციპალიტეტის რუკაზე მეწყერის განვითარების მაღალი რისკის შემცველი ადგილები წითლად არის მონიშნული. მათ შორის არის სოფელი ღვერკი, სადაც სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, დღეისთვის მეწყრული პროცესი გააქტიურდა და ამ დროისთვის გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები ადგილზე მდგოარეობის შეფასებაზე მუშაობენ.
რაც შეეხება გეოლოგიურ ბიულეტენში წარმოდგენილ მასალას, სპეციალისტები წერენ, რომ სოფელი კიცხის შემოსაზღვრულ ადგილებიდან მოსახლეობის გაყვანა და პრევენციული ღონისძიებების აუცილებლობის რეკომენდაციას გასცემენ.
„სოფ. კიცხის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მდებარე „მდინარაძეების“ და „ფოფხაძეების“ უბნები მდებარეობს მდ. ბორიმელას მარჯვენა უსახელო შენაკადის მიმდებარე ფერდობებზე. აღნიშნულ ტერიტორიაზე განვიტარებული ძველმეწყრული სხეული მთლიანობაში არის ერთი ტექტოსეისმოგენური ბლოკი, რომლის ფარგლებში განვითარებულია მეორადი გენერაციის აქტიური მეწყრული უბნები მსხვილი ბლოკ-საფეხურებით, პაკეტებით და ძვრის ნაპრალებით.
მეწყრული სხეულის გავრცელების არეალში წარმოქმნილი ბლოკ-საფეხურების სიმძლავრე წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად მომატებულია, ასევე გაზრდილია ბლოკ-საფეხურების გადაადგილების ამპლიტუდა, რომლის შედეგად ადგილი აქვს როფისებურ ჩაქცევებს, სადაც 2 წარმოდგენილია 2-დან 5 მეტრამდე სიმაღლის 80-90°- ანი დახრილობის ჩაწყვეტის ფლატეებით და ქაოსურად გავრცელებული ძვრის ნაპრალებით.
ადგილობრივი მოსახლეობის სიტყვიერი ინფორმაციით, გასულ საუკუნეში, მეწყრული ფერდის გავრცელების არეალში გაყვანილი იყო გრუნტის და ზედაპირული წყლის ნაკადების სარეგულირო სადრენაჟო და სანიაღვრე სისტემები, რაც უზრუნველყოფდა მეწყრული სხეულის სტაბილურ მდგომარეობას. ამჟამად, აღნიშნული სისტემები არ ფუნქციონირებს (ამოვსებულია დროთა განმავლობაში).
2024 წლის შემოდგომა-ზამთრის პერიოდში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექებმა მეწყრული ბლოკ-საფეხურები აქტიურ დინამიკაში მოიყვანა და რეგრესიულად დაიწყო განვითარება ფერდობების თხემური ნაწილის მიმართულებით.
მთლიანად დეფორმირებულია და დანგრეულია საცხოვრებელი სახლების უმეტესი ნაწილი, დაზიანებულია საფლავები, გაზსადენის საყრდენები და ე.გ. ანძები გადახრილია ვერტიკალური მდგომარეობიდან.
ამჟამად შექმნილი რთული გეოდინამიკური პირობებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია შემოსაზღვრული ტერიტორიის არეალში დარჩენილი მოსახლეები გაყვანილნი იქნან გეოლიგიურად მდგრად ადგილზე, ხოლო უმოკლეს დროში მეწყრულ სხეულზე დაისახოს და გატარდეს პრევენციული ღონისძიებები, რაც უზრუნველყოფს მეწყრული სხეულის ნაწილობრივ სტაბილიზაციას.
არ გამოვრიცხავთ, რომ საფრთხე შეექმნათ მიმდებარე ტერიტორიებს, რადგან აღნიშნული მეწყრული სხეული განიცდის რეგრესიულ განვითარების სოფ. საქარიქედაში, მდ. გოროულას ხობის მარცხენა ფერდის ზედა ნაწილში გააქტიურდა ძველმეწყრული სხეული. ტერიტორია არამდგრადია, რომელიც მეწყრული მოვლენების და ეროზიულ-დენუდაციური პროცესების განვრცობა-განვითარებით ხასიათდება“, - ნათქვამია გეოლოგიურ ბიულეტენში.