თეგებით ძიება

სირთულეების მართვა მობინადრეებთან - ინტერვიუ მობინადრეებთან ურთიერთობის მენეჯერთან

ბინათმესაკუთრეთა მართვის პროცესში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მობინადრეებთან ეფექტიანი კომუნიკაცია და მათი საჭიროებების სწორად გაგებაა. ხშირად მენეჯერს უწევს ისეთი პრობლემების გადაჭრა, რომლებიც არა მხოლოდ ტექნიკურ, არამედ ემოციურ მიდგომასაც საჭიროებს.

Tia.ge ესაუბრა მობინადრეებთან ურთიერთობის მენეჯერს, მარიამ მეცხოვრიშვილს, რომელმაც გაგვიზიარა თავისი გამოცდილება: როგორ უმკლავდება რთულ სიტუაციებს, როგორ ამყარებს ნდობას და რა ცვლილებებს ისურვებდა კორპუსის მართვაში მეტი თანასწორობისთვის.

- რას აკეთებთ, როცა მობინადრე გაღიზიანებულია და ფიქრობს, რომ მისი პრობლემა იგნორირებულია?

პირველ რიგში, ვუსმენ მობინადრეს ყურადღებით. მის გრძნობებს არ ვეწინააღმდეგები, პირიქით ვცდილობ დავანახო, რომ მესმის მისი გაღიზიანება და გულწრფელად ვწუხვარ, თუ თვლის რომ მისი პრობლემა იგნორირებულია. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანმა იგრძნოს, რომ მარტო არ არის და მის გაბრაზებას სერიოზულად ვეკიდებით. შემდეგ ვუხსნი მდგომარეობას გამჭვირვალედ, დეტალურად ვაზუსტებ რა ეტაპზეა საკითხი და რას ვაპირებთ შემდგომ. თუ რამე შეცდომა იყო  ღიად ვაღიარებ. ჩემი მიზანია, რომ ადამიანი დამშვიდდეს და გრძნობდეს მხარდაჭერას, თუნდაც პრობლემა ჯერ არ იყოს საბოლოოდ გადაწყვეტილი.

- რას აკეთებთ, როცა თქვენი დახმარება მხოლოდ ფორმალურადაა შესაძლებელი, მაგრამ მობინადრე მაინც ითხოვს დახმარებას?

ასეთ დროს გულწრფელობა და მზრუნველობა ჩემთვის მთავარია. ყოველთვის ვუხსნი მობინადრეს რეალურ ფარგლებს, რა შემიძლია და რა არა, თუმცა ამას იმ ფორმით ვაკეთებ, რომ არ მივახალო "ამას ვერ ვიზამ",  არამედ ვცდილობ შევთავაზო ალტერნატივა, ან ვიქნები მისი "ხმის გამტარი" შესაბამის დეპარტამენტთან. თუნდაც ფორმალურად ვერ დავეხმარო, მინდა იგრძნოს, რომ ბოლომდე გვერდში ვუდგავარ და მისი პრობლემის მიმართ გულგრილი არ ვარ.

- როგორ ავალაგებთ პრიორიტეტებს, როცა რამდენიმე პრობლემა ერთდროულად ჩნდება?

ყველა საკითხი მნიშვნელოვანია, მაგრამ ვცდილობ მივანიჭო პრიორიტეტი იმ პრობლემებს, რომლებიც ყველაზე ფართო გავლენას ახდენს მობინადრეებზე და ამ საკითხის მოსაგვარებლად დროშია შეზღუდული მობინადრე, თუმცა, ამასთან ერთად, არ ვივიწყებ სხვა პრობლემებს და ყოველთვის ვამზადებ გეგმას, რომ თითოეული მათგანი დროულად და თანმიმდევრულად მოგვარდეს. შესაძლოა რაღაც საკითხები არ იყოს მხოლოდ ჩემზე დამოკიდებული და კომპანიიდან სხვა დეპარტამენტის ჩართულობა გახდეს საჭრო, როცა ამას მობინადრეებს ვუზიარებ, მათთვისაც უფრო გასაგები და მისაღებია პროცესი.

- როგორ ამყარებთ ურთიერთობას ჩაკეტილ ან ნაკლებად კომუნიკაბელურ მობინადრეებთან?

ძალით არავინ არ უნდა გამოვიყვანო კომფორტის ზონიდან, ამიტომ ვიწყებ ნდობის ნელ-ნელა დამყარებით მარტივი, არამომთხოვნი საუბრით, გულწრფელი მზრუნველობით. ხშირად უბრალოდ ყურადღებიანი მოსმენა და მყუდრო ტონი საკმარისია, რომ ნელ-ნელა გაიხსნან. არასდროს ვაჩენ მათში "მოვალეობის" განცდას პირიქით, ვცდილობ მივაგნო იმ ფორმას, რაც მათთვის კომფორტულია. ჩემი მიზანია, რომ თავი იგრძნონ უსაფრთხოდ და ღირსეულად, თუნდაც ბევრს არ საუბრობენ.

- რა შეცვლიდით კორპუსის მართვაში, რომ მეტი თანასწორობა იყოს მობინადრეთა შორის?

მგონია, რომ თანასწორობა იქიდან მოდის, სადაც ყველას ხმა ისმის და გადაწყვეტილების პროცესში ყველა მაქსიმალურად არის ჩართული. მე ვისურვებდი ისეთი სისტემების დანერგვას, სადაც ნებისმიერი მობინადრე, მიუხედავად ასაკის, განათლების თუ ჩართულობის დონისა, იგრძნობდა, რომ მისი აზრი არის მნიშვნელოვანი მათ საცხოვრებელ გარემოში. მაგალითად, გამჭვირვალე კომუნიკაცია, საერთო კრებების უფრო ხელმისაწვდომად ჩატარება ან ციფრული ჩართულობის შესაძლებლობა, რომ არავინ დარჩეს კულისებში. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა