"ოცნების" მორიგი სატყუარა მოსახლეობას - მოხუცებს 400 ლარამდე პენსია მინიმუმ 7 წელიწადში გაეზრდებათ
"ქართული ოცნების" მიერ პენსიების ინდექსიკაციის გეგმას ოპოზიცია პენსიონერების მოტყუების მცდელობას უწოდებს.
ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ასაკობრივი შემწეობა ქვეყანაში წლიურად 20-25 უნდა გაიზარდოს.
მთავრობის გათვლით დღეს არსებული პენსია 400 ლარამდე მხოლოდ შვიდ წელიწადში გაიზრდება, თუმცა ოპოზიციაში ამბობენ, რომ ინფლაციის მაჩვენებლის გათვალისწინებით, აღნიშნული თანხა მიზერული იქნება.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, საუკეთესო შემთხვევაში პენსიონერები 400 ლარიან დახმარებას 2026 წელს მიიღებენ.
"მთავრობის მიერ შემოთავაზებული პენსიის ინდექსაციის ამ წესის მიხედვით ზომიერი ინფლაციისა და ეკონომიკის დაახლოებით 5%-იანი ზრდის პირობებში 400 ლარიანი პენსია ჩვენს მოქალაქეებს გაუხდებათ 6-7 წლის შემდეგ. საუკეთესო შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს 2026 წელს. ეს იმას ნიშნავს, ფაქტონრივად პენსია არ იზრდება და მისი რეალური მსყიდველუნარიანობა იქნება დაახლოებით იმ ფარგლებში, როგორიც არის დღეს"- აცხადებს გოცირიძე.
ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებენ "ევროპულ საქართველოშიც".
ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, მთავრობა წელიწადნახევარია საზოგადოებას უმალავს, რომ ის პენსიის ინდექსიკაციის ფორმულის შემოღებას აპირებდა.
"ეს მარტივ ენაზე ნიშნავს შემდეგს: დღეს, როგორც ცხოვრობენ პენსიონრები ასე იცხოვრებენ სულ. ამას ეუბნება მათ ხელისუფლება.
მთავრობის სიხარბეც გამოიხატება იმაშიც, რომ თავისთვის არაფერს იკლებენ და პრაქტიკულად უმნიშვნელო თანხას იმეტებენ პენსიონერებისთვის"- აცხადებს ჭიაბერაშვილი.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით კი ახალი კანონპროექტი უზრუნველყოფს, რომ ინფლაციამ პენსიის მოცულობაზე გავლენა ვერ მოახდინოს.
„მიუხედავად ეკონომიკური კრიზისისა ძალაში ვტოვებთ დანაპირებს, რომ პენსია 30 ლარით გაიზრდება პირველი ივლისიდან 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის და იქნება 250 ლარი. მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად იგრძნობა უკვე ბიუჯეტში დანაკლისები და ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენ აღნიშნული 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში უკვე ჩადებული გვქონდა, როცა ის დავამტკიცეთ და დანაპირები ძალაში რჩება.
გარდა ამისა, უახლოეს დღეებში პარლამენტში დაიწყება კანონპროექტის განხილვა, რომელიც ითვალისწინებს პენსიების ზრდას მომავალი წლის პირველი იანვრიდან და ინდექსაციას. ყველა კატეგორიის პენსიონერისთვის პენსია გაიზრდება ინფლაციის მაჩვენებლით, ხოლო 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის ასევე დაემატება რეალური ეკონომიკური ზრდის 80%. ეს იმას ნიშნავს, რომ ფასების ზრდა გავლენას ვერ მოახდენს პენსიის რეალურ მოცულობაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აქაც არის ჩადებული გარკვეული მოცულობები, არანაკლებ 20 ლარისა და არანაკლებ 25 ლარისა ზრდის კუთხით“, - განაცხადა კოვზანაძემ.
პარლამენტში პენსიების ინდექსაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა უახლოეს დღეებში დაიწყება
წყარო:newposts.ge