ვისზე გადადის ქონება მემკვიდრეობით, რა შემთხვევაში დაგეკისრებათ გარდაცვლილის ვალის გადახდის ვალდებულება და აქვს თუ არა უკანონო შვილს წილის მოთხოვნის უფლება? - იურისტის განმარტება
იურისტი ნოდარ ხერხეულიძე გადაცემაში "შუადღე" მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ შეკითხვებს პასუხობს:
- მემკვიდრეობა არის შემთხვევა, როდესაც ადამიანის გარდაცვალების შემდეგ მისი ქონება შთამომავლებს, ან მის მიერ განსაზღვრულ პირს რჩება. ორი სახის მემკვიდრეობაა გამიჯნული: კანონისმიერი მემკვიდრეობა, როდესაც ანდერძი არ არის და ქონება კანონით განსაზღვრულ პირებს გადაეცემათ. ანდერძის შემთხვევაში კი შეიძლება, ქონება გარეშე პირს გადაეცეს. თუ მოხდა ისე, რომ მამკვიდრებელმა მთელი თავისი ქონება გარეშე პირს გადასცა, ამ შემთხვევაში, მეუღლეს, შვილებს სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ რასაც ისინი მიიღებდნენ, რომ არა ანდერძი, იმის ნახევარი სავალდებულო წილის სახით მათ მაინც ეკუთვნით. მეუღლე და შვილები პირველი რიგის მემკვიდრეები არიან და მათზე ქონება თანაბრად ნაწილდება. მშობლებიც პირველი რიგის მემკვიდრეები არიან.
რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ უკანონო შვილი არსებობს და მას ქონებაზე პრეტენზია აქვს?
თუკი მამობა დადგენილია, ქორწინების გარეშე შვილსაც აქვს უფლება, მემკვიდრეობა მოითხოვოს. ზუსტად იმდენივე ეკუთვნის, რამდენიც სხვა შვილებს.
ვინ უნდა გადაიხადოს გარდაცვლილის ვალი?
მემკვიდრეობა მხოლოდ აქტივის გადაცემა არ არის. მას პასივიც მიჰყვება. შესაბამისად, თუკი მამკვიდრებელს ვალი ჰქონდა, სამკვიდროს ნაწილით გადახდაზე პასუხისმგებელნი მისი მემკვიდრეები არიან, თუმცა არა საკუთარი, პირადი ქონებიდან, არამედ მემკვიდრეობით მიღებული წილიდან.
რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ვალდებულება დატოვებულ ქონებას აღემატება - აქვს თუ არა მემკვიდრეს უფლება, მემკვიდრეობაზე უარი თქვას?
მემკვიდრეობაზე ამ შემთხვევაშიც და ზოგადადაც, უფლება აქვს, უარი თქვას. თუმცა 5 რიგის მემკვიდრე არსებობს. საბოლოოდ, თუ ყველამ უარი განაცხადა მიღებაზე, ქონება სახელმწიფოს გადაეცემა. თუ ერთი მემკვიდრე იტყვის უარს, მეორეზე გადადის და ასე შემდეგ. სახელმწიფოს გადაცემის შემთხვევაშიც, ვალდებულება იმ ქონებიდან აღსრულდება.
თუ პირველი რიგის მემკვიდრეები: მეუღლე, შვილები, მშობლები არ არსებობენ, ვინ არიან მეორე რიგის მემკვიდრეები?
მეორე რიგის მემკვიდრეები და-ძმა არიან. შემდეგ პაპა-ბებია, შემდეგ კი დისშვილები, ძმისშვილები.
გოგონაზეც და ვაჟზეც ქონება თანაბრად ნაწილდება?
კანონი ასაკისა და სქესის მიუხედავად, ყველას თანაბრად აძლევს საშუალებას, რომ თუ ერთ რიგში ხვდებიან, როგორც მემკვიდრეები, მათზე თანაბრად გადანაწილდეს ქონება. განცხადება ნოტარიუსთან თავად მემკვიდრეს მიაქვს. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ადამიანს არ გაუმხელია, რომ სხვა მემკვიდრეებიც არსებობენ. ასეთ შემთხვევაში, მათ შეუძლიათ, პრეტენზია განაცხადონ. სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით, პრეტენზიის გამოხატვა 2 თვის განმავლობაში შეუძლიათ. თავად სამკვიდროს მოწმობა 6 თვის შემდეგ გაიცემა. არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც რომელიმე მემკვიდრეს კონკრეტული ქონება უნდა. მაგალითად, სურს, რომ სახლი მას დარჩეს. წესითა და რიგით, ქონება შეთანხმებით ნაწილდება, თუმცა თუ ვერ შეთანხმდებიან, შემდგომ სასამართლო წესით განისაზღვრება. მოსამართლე სხვადასხვა ნიუანსს ითვალისწინებს.
თუ მეუღლე ერთ ცოლს გაშორებულია, მეორე ოჯახი ჰყავს - ასეთ შემთხვევაში როგორ ნაწილდება ქორწინება?
პირველ რიგში, ყურადღება რეგისტრირებულ ქორწინებას ექცევა. თუ ადამიანი განქორწინებულია, იქ მემკვიდრეობის საკითხი შეწყვეტილია. ალბათ, თავის დროზე, ქონებას საოჯახო დავით გაიყოფდნენ. თუმცა, არის გარკვეული ნიუანსები, რომლებიც გასათვალისწინებელია. მაგალითად, თუ დადასტურდა, რომ უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში კი არის რეგისტრირებული ქორწინება, მაგრამ, ფაქტობრივად, განქორწინებულები იყვნენ, ასეთ ნიუანსებსაც ყურადღება ექცევა. რაც შეეხება შვილებს, ისინი ქორწინებაზე დამოკიდებულები არ არიან. შვილი შვილია და არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი მეუღლე შეიძლება ჰყავდეს ადამიანს.
რა ითვლება ანდერძად?
ანდერძი ყველანაირად შეიძლება დაიწეროს. მაგრამ, ნოტარიუსთან დაწერილი ანდერძი ყველაზე დაცულია. აქედან გამომდინარე, რეკომენდებულია, რომ ასე გაკეთდეს. თუ შინაურული ანდერძი იქნება, ანუ ადამიანმა სახლში თავისით დაწერა, ასეთ შემთხვევაში, როდესაც ნოტარიუსთან წაიღებენ, ნოტარიუსი ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვს, რომ დაადგინოს, ხელნაწერი ხელმოწერა ნამდვილად მისია, თუ არა.
რა პროცედურები უნდა გავიაროთ იმისათვის, რომ მემკვიდრეობა ავიღოთ?
ამ პროცესში წამყვანი ფიგურა ნოტარიუსია. შესაბამისად, როდესაც გარდაცვალების ფაქტი დადგება, კრედიტორი ნოტარიუსს განცხადებით მიმართავს. როგორც წესი, გარდაცვალების მოწმობა უნდა წარადგინონ. შესაძლებელია, ნოტარიუსმა დამატებითი დოკუმენტებიც მოითხოვოს. ეს პროცედურები მთლიანად მას მიჰყავს.
რა შემთხვევაში თავისუფლდება მემკვიდრე იმ ვალისაგან, რაც მემკვიდრეობით გადაეცემა?
თუ მემკვიდრეობა მიიღო, არ გათავისუფლდება. თუმცა, ვალდებულება პირად ქონებაზე არ გადავა. თუ რამდენიმე მემკვიდრეა, თავიანთი წილის ფარგლებში, ყველა აგებს პასუხს. მაგრამ, ის, რომ ადამიანმა მემკვიდრეობა მიიღოს, მხოლოდ სარგებელი აიღოს და პასივზე უარი თქვას, ასეთი რამ არ ხდება.